„ლელო“: არჩევნებზე საქართველო არ უნდა დარჩეს საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„ლელო საქართველოსთვის“ მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას მიაპყრობს ბოლო პერიოდში კოვიდ-შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას, რაც გამოწვეულია რამდენიმე წინაპირობით: მკვეთრად შემცირდა სამინისტროს მხრიდან ინფექციის პრევენციის ღონისძიებები; სახელმწიფომ მოადუნა კონტროლი, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსი სრულად დაძლია, რაც ასე არ არის! შესუსტებულია რეაგირება რეგულაციების დარღვევის შემთხვევებზე, ფაქტობრივად არ ტარდება ღონისძიებები სასწავლო დაწესებულებების „სკოლის ექიმებით“ სრულად დაკომპლექტების, ან არსებულთა გადამზადებისთვის და ა.შ. ხოლო მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, არ არის შემუშავებული, როგორც წინა, ასევე არჩევნების პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს, მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე, ინფექციების პრევენციის გაიდლაინები და პროტოკოლები; ასევე, არ არსებობს პროტოკოლები საერთაშორისო ექსპერტებისა და დამკვირვებლებისთვის.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ემსახურება მდგომარეობის მიზანმიმართულად დაძაბვას, რათა:

1. არსებულ სიტუაციაში, საერთაშორისო დამკვირვებლებმა უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები დარჩეს „დისტანციური დაკვირვების“ იმედად.

2. მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს დარჩეს სახლში, ვირუსის არაეფექტიანი მართვის გამო, ხოლო ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება მიმართოს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისკენ.

ხელისუფლებამ კოვიდ-ინფექცია საუკეთესო პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადა და მას საარჩევნო პროცესების მართვის ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იყენებს – ადამიანებში ინერგება შიში და განცდა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ უმკლავდება ათეულობით შემთხვევებს, რაც ადამიანებს დააფიქრებს, რამდენად უსაფრთხო იქნება საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მათ შორის, 31 ოქტომბერს.

„ლელო საქართველოსთვის“ მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სექტორის მიერ, უსწრაფესად იქნას შემუშავებული კონკრეტული გაიდლაინები, რათა არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშისა და გაურკვევლობის განცდა პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე“, – ნათქვამია ლელოს განცხადებაში.