ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ გასულ კვირას ბრიუსელში ორ ქართულ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა და ორივე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უჭერდა მხარს.
„ცნობისთვის, წინა კვირას ბრიუსელში ორ ოპოზიციურ პარტიას, „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“, შევხვდი. ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, „რადგან ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ის ყველა პარტიულ ხაზზე მაღლა დგას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერში.
სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი უცხოელი ლობისტები „იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“.
შეკითხვაზე, რომელი პარტიები ცდილობენ ამას, ხელისუფლების წარმომადგენლები მიანიშნებენ მათზე, ვინც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდნენ.