„ლელო“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

პუბლიკა

„ლელო“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა  საბა ბუაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძემ განაცხადეს.

საბა ბუაძის თქმით, „ლელო“ ბოიკოტში დარჩება მანამ, სანამ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება. მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში  ჩვეულებრივ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.

„თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება და რთულდება მოცემულობა, შესაბამისად, ჩვენც ვართ ვალდებულები, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ ყველაფერს. მე, როგორც საკრებულოს წევრმა, 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნებოდა თბილისელების საუკეთესო ინტერესებით და ვთქვი, რომ მზად ვარ რომ ვემსახურო თბილისს და თბილისელების ინტერესებს, თუმცა თანამდებობის მიღმა თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოუთხაროს ძირი. შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ვეღარ გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. შესაბამისად ლელოს სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში, მანამდე სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების ორგანიზებული კრიმინალები, მაშინ, როდესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსწორდება ფიზიკურად სპეცრაზმი და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ვხედავთ უკვე სანქციების რეჟიმის ამოქმედებას, შეუძლებელი არის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში და ამიტომაც ჩვენი ფრაქციის სახელით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი და ამ მოცემულობის ადეკვატური“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცოტნე კობერიძის თქმით, საკრებულო გაურბის კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი, შესაბამისად, „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“ უერთდება ბოიკოტს.

„საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს  ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი და ამ ვალდებულებას საკრებულო გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა, წაუყრუა საკრებულომ და ხმა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებს სცემენ, არეკეტებენ, ქუჩაში ხვდებიან ბიტებით. ჩუმად არის აქ ყველა დეპუტატი და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის გედის სიმღერა, რომელიც „ქოცებს“ აქვთ. ამიტომ, იყვნენ ახლა მარტო, ჩაატარონ სხდომები და უსმინონ ერთმანეთის სიჩუმეს, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ.  მინდა, ყველა ადამიანს მივმართო, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შესაბამისად ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში, ვუსმინოთ ტკბილად „ქოცების“ გედის სიმღერას. „გირჩის“სახელით ვაცხადებ, რომ გავდივართ ბოიკოტში და ვუერთდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ ნაბიჯში“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.