„ლელო" ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

პუბლიკა

პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. „ლელო“ მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. „ლელო“ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში”.

დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართება. სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. პირადი ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა კრიტიკულად გაუარესდეს.