პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს, 25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.
„უკიდურეს შეშფოთებას იწვევს დღეს საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკური წრეების სანქცირებული წარმომადგენლების კავშირის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენაში დამნაშავედ ჩაითვალოს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს სანქცირების საფრთხის ქვეშ, უმძიმესია.
შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან, რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ და როსტოვის რეგიონალი საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალი უზდინოვთან. თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა საქართველოს შსს-გან ასევე ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, აღნიშნული პირის მიერ, გასული 2 თვის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე.
რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყველანაირი ეჭვი, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნატო-ს მოახლოვებულ ისტორიულ სამიტზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პოზიტიურად შეფასებას.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ყველა შესაბამის შედეგზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, ყველა კითხვას, როგორც სანქცირებულ პირებთან ურთიერთობებზე, ასევე სანქციების რეჟიმის დაცვაზე, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს“, – აცხადებს პარტია.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.
პირველი საუბარი 10 მარტითაა დათარიღებული და მასში სავარაუდოდ რუსი ბიზნესმენი ეუბნება ივანიშვილს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს და ასევე ის ამბობს, რომ ივანიშვილს ნახავს მისი მოადგილე ალი უეზდენოვი ხორბლის თაობაზე.
მეორე საუბარი 13 მარტით თარიღდება. ამ საუბარში სავარაუდოდ ევტუშენკოვს სავარაუდოდ ივანიშვილი ეუბნება, რომ ალი უეზდენოვი პრემიერთან შესახვედრად გაუშვა, უთხრა მას რაც უნდა გააკეთონ და სავარაუდოდ, უკვე ხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ქალაქგარეთაა, მაგრამ თუ საჭიროა, თვითონაც შეხვდება ალის.
აუდიოჩანაწერი, YouTube-ზე Cyber Kmara-ს არხზე გამოქვეყნდა.