„ლელო“ მოითხოვს, რომ გია ვოლსკი ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადააყენონ

პუბლიკა

„ლელო“ მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; პარტიის განცხადებით, სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს.

„ლელოს“ განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება საზოგადოებაში მიღებულ ადამიანის ქცევის ცივილურ ფორმებს.

„ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე. „ლელო“ კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს“, – აცხადებს „ლელო“.


„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს, რომლებიც „მონას“ ეძახდნენ, შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა, რასაც „ოცნების ოფისთან“ შეკრებილ აქტივისტებში ხმაური მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 პირი დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.