„ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს „მიშელის შეთანხმებას“

პუბლიკა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„ლელოს“ აუცილებლობად მიაჩნია, რომ ხელისუფლება „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ დაბრუნდეს.

„ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლობად მიგვაჩნია:

1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხიმსგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.

2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.

3. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში.

5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“, – აცხადებს პარტია.