პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.
იდეის ავტორი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია რეალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.
„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შედეგად შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე.
ის ფაქტი, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არცერთი გარიგება არ განხორციელებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს. საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.