კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” აცხადებს, რომ საგარეჯოში მათი მხარდამჭერი, ვუსალ კაბაევი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში 1993 წელს დაბადებული კაცი, ვ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვუსალ კაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება წაართვას.