„ლელო“ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

პუბლიკა

პარტია „ლელო“ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის სავიზრო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ) და 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.

„განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე“, – აცხადებს „ლელო“.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ.

„არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი“, – აღნიშნულია განცხადებაში.


საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ. რუსეთში კი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოქმედებს.