„ლელო“ რუსთაველზე მიმდინარე აქციას უერთდება

პუბლიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდება.

„მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია.

ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად!
ლელო დგას ხალხთან ერთად!”

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.

მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს, 7 საათზე დაიწყება პარლამენტის წინ.