პოლიტიკური პარტია „ლელო“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს.
„საპატიმროში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.
მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში 26-ე დღეა შიმშილობს.
19 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გაიცა.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს გლდანში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
დაწესებულება მან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ამ „დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად“.
მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმის წევრებს მიეცემათ კლინიკის დათვალიერების შესაძლებლობა.
სააკაშვილის ადვოკატები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.
24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.
ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.