„ლელო" საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს არ ამბობს - ხაზარაძე

პუბლიკა

„პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე”,  – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, მას და ბადრი ჯაფარიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„მინდა მოსახლეობას ავუხსნა… რომ წარმოვიდგინოთ ყველა პარტიამ უარი  თქვას ან საკუთარი ნებით ან სხვა რაღაცის გამო [დაფინანსებაზე], ეს ნიშნავს რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში. რადგან ის კანონმდებლობა რომელიც დღეს არის, უამრავ ხვრელს აჩენს და გაჩენილია ეს ხვრელი, პოლიტიკაში ბრუნავს შავი და გაუმჭვირვალე ფული. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული პროცესი განვითარეს და რეგიონებში პარტიული ცხოვრება არ ჩაკვდეს, რომელიც ისედაც მყიფეა…”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პარტიებს უფრო მეტი საბიუჯეტო დახმარება ეკუთვნის, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა და მათ ხმები დააკლო.


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსება სულ 14 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს 2 ოპოზიციური პარტია – „მოქალაქეები“ და „გირჩი“.

ამ ეტაზე დაფინანსების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“. პარტიაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ საერთოდ არ აკეთებენ არანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც მიზეზები გვითხრეს და არც ის, ამ სამ დღეში წარადგენენ თუ არა თანხმობას.