„ლელო" სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

პუბლიკა

პარტია „ლელო” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მათი თქმით, შეხვედრაზე პარტიის ლიდერები საბოლოოდ შეჯერდებიან 11 დეკემბრის საერთო ოპოზიციური ღონისძიების დეტალებსა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.


გუშინ, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და რამდენიმე განცხადება გააკეთა, რამაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.

ირაკლი კობახიძემ ასევე დააანონსა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. „თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს“, – თქვა მან და ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური თანამდებობის დატოვების პირობაც დადო.

მესამე და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ხმაურიანი განცხადება პარტიის რეგისტრაციის წესის შეცვლას ეხებოდა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს (არ არის საქართველოს მოქალაქე და არის მსჯავრდებული) და განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერი კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კობახიძის ეს განცხადება რეპრესიის მუქარად აღიქვა. დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, ამ ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. მათი ნაწილის თქმით, ამგვარი რიტორიკა მოლაპარაკების სივრცეს აღარ ტოვებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებებამდე განხილვის საგანი გახდა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც „ევროპული საქართველო“ საბოტაჟში დაადანაშაულა, მერე კი განაცხადა, რომ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებიდან „გაწიკწიკებულ საარჩევნო წესებს და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის“ გარანტიას წამოიღებს. დღის ბოლოს კი მან განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ 4-ვე საკითხზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, უკან დაიხია.

ელისაშვილის განცხადების მერე ოპოზიცია „ლელოში“ შეიკრიბა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპულმა საქართველომ”, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ლეიბორისტული” პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და რომ ბოიკოტს გააგრძელებენ.

„გირჩის” წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებითაც, მათი პარტიის წევრებიც დაწერენ განცხადებას და პარლამენტში არ შევლენ. „კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებენ.