„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ | დეპუტატები პარლამენტს მანდატებზე უარით მიმართავენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკელების“ შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატზე უარის თქმის განცხადებით საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სხვა წევრებმაც მიმართეს.

პარლამენტის კანცელარიაში განცხადებები „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ და წევრებმა: ნატო ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და როსტომ ჩხეიძემ დატოვეს.

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის განცხადებები დაარეგისტრირეს „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმაც.

„სტრატეგიის ნაწილია ის, რომ ჩვენ, ერთი მეორის მიყოლებით ვწერთ ამ განცხადებას და ვტოვებთ ჩვენს მანდატს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ამომრჩევლის ნება ვერ ასახა, შესაბამისად, მისი თქმით, არც მანდატების ამგვარი განაწილებაა ხალხის ნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ახალი, სუფთა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა.

„ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. პოლიტიკოსებმა ვთქვით კეთილდღეობაზე უარი, ახლა ველოდებით ასევე გონივრულ ნაბიჯს „ქართული ოცნებისგან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს გასულ კვირას მიმართა შალვა ნათელაშვილმა. ცნობილია, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ აპირებს ამ პროცედურის გავლას და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებას საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება, მაშინ პარლამენტში არც „გირჩი“ შევა. მისი თქმით, სიის ჩახსნისთვის და მანდატების გაუქმებისთვის პარტია საჭირო პროცედურებს გაივლის.

მოლაპარაკების პროცესის დასრულებას ელოდებიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ისინი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ცესკოსთვის და საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავთ.