კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო” და პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.
კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ დაასახელეს.
როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია. […]
ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებული თქვენს ბედნიერებასთან, თქვენს კეთილდღეობასთან და წლების განმავლობაში თითოეულ იმ კანდიდატს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვთ გამარჯვების რწმენა, კომპეტენცია და წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ის, რისიც სჯერათ, საკუთარი განათლებით, საკუთარი ბრძოლით, სამოქალაქო აქტივიზმით, საჯარო სამსახურებში მუშაობითა და ა.შ.”, – თქვა კუპრაძემ.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები არიან:
ლანა გალდავა – მთაწმინდა;
ზაზა თავაძე – ზემო ვაკის ოლქი;
ვახტანგ სურგულაძე – ვაკე – ტრადიციული ნაწილი;
სალომე კობალაძე – კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი;
რამაზ მანდარია – საბურთალო – ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა;
როინ ქოჩორაშვილი – დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი;
თამარ ბოყოველი – კრწანისი;
სოფო ხორგუანი – ავლაბრის ოლქი;
გიორგი სიორიძე – ისანი-ვაზისუბანი;
ვიკა ფილფანი – ნავთლუღის ოლქი;
ნინო ქათამაძე – სამგორი – ვარკეთილი;
გიგა კაცია – ქვემო სამგორის ოლქი;
გულიკო ზუმბაძე – სამგორი (მე-3 მასივი), ზემო პლატო;
ეკა უდესიანი – ზღვისუბნის ოლქი;
ბექა ბერიძიშვილი – დიდუბე – წერეთელი;
დაჯი კოვზირიძე – ლილო ორხევის ოლქი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევი;
რუსუდან თევზაძე – ჩუღურეთის ოლქი;
ქეთი თურაზაშვილი – ნაძალადევი-სანზონა;
კოკა კობალაძე – გლდანი (ლუწი მიკრორაიონები);
ჯუბა ლოლაძე – გლდანი (კენტი მიკრორაიონები);
ფიქრია გოგოლაძე – ლოტკინის ოლქი;
გრიგოლ გეგელია – გლდანი – მუხიანი;
გიორგი შარაშიძე – დიღმის მასივი;
გიორგი რეხვიაშვილი – გლდანი (ავჭალა, ზაჰესი).