„ლელომ“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქციებმა – „ლელომ“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ ხელი მოაწერეს ინტერფრაქციულ მემორანდუმს NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით.

ფრაქციები აცხადებენ, რომ აუცილებელია მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის შექმნა NATO-ს წევრობისკენ ძალისხმევის გასაძლიერებლად.

„საქართველომ და უკრაინამ NATO-ში გაწევრება დასახა ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საფუძვლად. ორი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ასახულია  სახელმწიფოთა კონსტიტუციებში. ორივე ქვეყანას აქვს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყნები გახდებიან NATO-ს წევრები.

ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსა და უკრაინისა გაწევრება ნატო-ში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. ჩვენს რწმენას ამყარებს პრაქტიკაც,  რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას  ანიჭებს.

ამისათვის, აუცილებელია შევქმნათ მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა,  რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატოს  ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

  • ინიციატივის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ინტერფრაქციულ სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

  •  განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს,  ნატოს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.

  • ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატოს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში“, – წერია მემორანდუმში.