„ლელომ“ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი „საქართველოს დაცვის აქტი“

პუბლიკა

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.

აქტი განსაზღვრავს 9 ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და ა.შ.

ამ ნაბიჯებზე კონკრეტულად „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 20 ნოემბერს ისაუბრა.

  1. „სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისათვის – საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოკუპანტებმა პრაქტიკულად იგივე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ჩვენი მოქალაქეები. უვიზო რეჟიმის დასრულებით „ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია რუსეთის მოქალაქეების შემოსევა საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ღია ტურისტებისთვის და არა ოკუპანტებისთვის.
  2. დასაქმების ბაზრის დაცვა. დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მეორე პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისათვის მუშაობის უფლების მიცემას.
  3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა. არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს შემოვიდეს და თავისუფლად იყიდოს ჩვენი მიწები. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მესამე პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.
  4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა. „საქართველოს დაცვის აქტი“ აკრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლას. ასეთი კანონმდებლობა უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.
  5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული არ უნდა აღმოჩნდეს რუსების ჯიბეში. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტი“ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავს. დროა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსების გამდიდრება. “ლელოს” უნდა, რომ საქართველოს ფული ქართველების ჯიბეში მიდიოდეს. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. ჩვენ გვსურს ყველა მუნიციპალიტეტში დავაწესოთ „საოკუპაციო მოსაკრებელი“ ეს იქნება მოსაკრებელი, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ რუსულ ბიზნესს მოუწევს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება
  6. ფრენების აკრძალვა. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რადგან ეს ფრენები ემსახურება რუსეთის მოქალაქეების კომფორტს და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან.
  7. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა. აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა საქართველოში.
  8. რუსული ფონდების აკრძალვა. აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.“