დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი.
„ჩვენ როდესაც ვნახეთ ეს სიუჟეტი პირველი შეფასება, რა თქმა უნდა, იყო პროფესიული. იურიდიულად თუ შევხედავთ ამას, ცალსახაა საკანონმდებლო ვალდებულება, რომ გამოძიება დაიწყოს. პირდაპირ წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომ, როცა მედიის საშუალებით გავა დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე დღეა, როგორც ჩანს, პროკურატურას არ ახსოვს ეს ვალდებულება და ჩვენ მოვედით, რომ გაგვეხსენებინა მისთვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე ასევე ამბობს, რომ მისთვის ჩანაწერებზე მეტადაც კი შემაშფოთებელი იყო მმართველი პარტიის წევრების განცხადებები, ვინაიდან, როგორც ის ამბობს, „ოცნებამ“ საგამოძიებო ორგანოს ფუნქცია შეითავსა და აცხადებენ, რომ დანაშაული არ მომხდარა და ჩანაწერები ფაბრიკაციაა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, მისივე თქმით, მხოლოდ ობიექტური გამოძიების შემდეგაა შესაძლებელი.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.