პარტია „ლელოს“ აქვს ინიციატივა, რომ „მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერი პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ და ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართონ.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სახელზე მომზადდა წერილი, რომელსაც ხელს მოაწერს სხვადასხვა პოლიტიკოსი.
„შესაბამისი გზავნილით, შეწყალების უფლების გამოყენებაზე თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი. გვსურს, მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვოთ, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, – თქვა სამადაშვილმა.
პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს „ნაციონალური მოძრაობაც“.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და გახარიას პარტიას, აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებენ.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, მაგრამ მას არ აქვს ზურაბიშვილისგან ამ ნაბიჯის იმედი.
„საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის პოზიციით კი, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, შესაბამისად, პარტია წინასწარ ამ თემაზე კომუნიკაციას არ აპირებს.
გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.