„ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი

პუბლიკა

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე წარდგენილი იქნება რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძის მანდატის მოხსნა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ის კანონთან მოდის წინააღმდეგობაში.

„მე კიდევ მეგონა, ამ უმრავლესობაში, ამ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობ, სხვათა შორის, და რომლებმაც უხმოდ დაუჭირა დღეს მხარი სამარცხვინო გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძის მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით. რატომ არის ეს სამარცხვინო – პირველ რიგში, იმიტომ რომ კანონის საწინააღმდეგოა ის, რაც დღეს პარლამენტმა გააკეთა. ისევე არის საწინააღმდეგო ის ქმედება, რომ სამი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. არ გამოუვიდა ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ციხეში ჩაჯდომა, მისმა ყურმოჭრილმა სასამართლომ, მურუსიძის სასამართლომ ვერ მოგვკიდა ხელი“, – თქვა მან.

დღეს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის, „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებას 77 მომხრე და 38 წინააღმდეგი ჰყავდა.