„ლელოს“ განცხადებით, გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ განცხადებით, გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და ამის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მათი განცხადებით, წულაიას თემა პარტიაში არც განხილულა.

„ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმოწერას ინდივიდუალურად გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძის თანაგუნდელი თეონა ჭალიძე.

„ლელოს“ განცადების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ იგივე განცხადება გავრცელდა განახლებული ხელმომწერთა სიით, რომელთა შორის „ლელო“ აღარაა.

განცხადებას ამჟამად ხელს აწერენ: „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; „მოძრაობა დროა“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლეიბორისტული პარტია“; „გამარჯვებული საქართველო“; „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“; „ახალი ქრისტიან დემოკრატები“; „სამართლიანობისთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“; „ევროპული დემოკრატები“; „კანონი და სამართალი“; „პროგრესი და თავისუფლება“; „ქართული არჩევანი“; „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“; „სახელმწიფო ხალხისათვის“; „თავისუფალი საქართველო“; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“; „ქრისტიან კონსერვატული პარტია“; „ემსახურე საქართველოს“.