„ლელოს“ ინფორმაციით, სააპელაციომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის განცხადებით, განაჩენი 8 აგვისტოთი თარიღდება და სააპელაციომ პატიმრობის განაჩენი ძალაში ისე დატოვა, რომ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩანიშნა.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება. […]

მამუკა ხაზარაძე შეგნებულად არ გამოცხადდა წულუკიანის დაძახილზე, თუმცა არ ჩაუდენია 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე არ არის მისი შემადგენლობა. გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ არის კომისია, ის შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში. […]

სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვერ გაბედა ამ საქმეზე მთავარი მოწმეების დაბარება. ეს გახლავთ, წულუკიანი და მისი ამფსონები ე.წ. კომისიაში. ეს ყველაფერი სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია.

როდესაც საქმე ეხება 349-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მანამდე არავინ საქართველოში მსჯავრდადებული არ ყოფილა, საქმე გვაქვს პრეცედენტთან. პრეცედენტულ საქმეებზე კი ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვები როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში არის დაუშვებელი. არავის ჰქონია მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოთხოვნიდან რაიმე გადახვევას გააკეთებდა, თუმცა, მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, რათა შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ საქმეზე“, – განაცხადა სიორიძემ.


23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხაზარაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მათ წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.