„ლელოს“ მხარდამჭერის თქმით, „ოცნების“ შტაბში უფასო სასადილოსა და სოცდახმარების მოხსნით დაემუქრნენ

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მხრიდან მოქალქეების ზეწოლაზე ისაუბრა. ბრიფინგზე იმყოფებოდა ასევე პარტიის მხარდამჭერი და წევრი მანანა სულთანიშვილი, რომელმაც ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნების“ შტაბში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

როგორც ლევან სამუშიამ თქვა, მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო მოქალაქეებზე მუქარა: „ჩემ გვერდით არის მანანა სულთანიშივილი, რომლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. ის ჩუღურეთის „ოცნების“ შტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს ქალბატონ რიმა ბერიძესა და მაკა ასლანიშვილს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ ის „ლელოში“ გააგრძელებდა ყოფნას და მხარდაჭერას, მას შეუწყვეტდნენ სოცალურ დახმარებასა და უფასო სასადილოს”.

ლევან სამუშია ამბობს, რომ ისინი მოითხოვენ მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

თავად მანანა სულთანიშვილმა განაცხადა, რომ 31 აგვისტოს ის მოტყუებით მიიყვანეს უბნის შტაბში, სადაც დაემუქრნენ: „დამირეკა ქეთი ღვინიაშვილმა, ჩამიყვანეს მოტყუებით, გაიგეს რომ „ლელოში“ გავწევრიანდი და მითხრეს, რომ სოციალურ დახმარებასა და უფასო სასადილოს შეგიჩერებთო. ავტირდი, ვინერვიულე და წამოვედი. დამირეკეს მეორე დღეს კიდევ, რომ „ლელოში“ დაგინახესო, დამემუქრნენ ისევ და მეუღლეზეც მითხრეს, რა ხელფასიც უფიქსრდება, იმასაც მოვუხსნითო”, – განაცხადა მანანა სულთანშვილმა.

„პუბლიკას“  მმართველი პარტიის ოფისში განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდება. კონკრეტულად კი კომენტარს ამ თემაზე „ოცნების“ მაჟრიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ვოლსკი გააკეთებს.