„ლელოს“ სურს, ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ნარკორეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნას

პუბლიკა

„საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს იქნებოდა სრულიად შეუძლებელი – ამით ივანიშვილი და ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ ხელს უწყობს ახალი თაობის, მოქალაქეების მკვლელობას“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელო – ძლიერ საქართველოს“ სურს, ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ნარკორეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნას.

„ ყოველწლიურად, 50-ზე მეტი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. მაშინ, როცა ხელისუფლებას არ გააჩნდა ამ დროის განმავლობაში არანაირი ზრუნვის მექანიზმი, მათი ნარკოპოლიტიკა მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპრესიისკენ. ივანიშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციოს შავი ფულის და ნარკოტრეფიკის მთავარ ეპიცენტრად. ამაზე მიუთითებს საზოგადოებაში, მოქალაქეებში, სრულიად რაციონალურად და ობიექტურად გამჯდარი განცდა, რომ ნარკოტიკმა მოიცვა საზოგადოების დიდი ნაწილი…

ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას ნარკოდამოკიდებულებზე. უკვე მეორე არჩევნებია, ვამბობთ, რომ გარდაუვალად აუცილებელია ამ ქვეყანაში არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც სახელმწიფო, სხვა მოქალაქეებთან ერთად, იზრუნებს თითოეულ ნარკოდამოკიდებულზე, შესთავაზებს მათ იმ ტიპის გამოსავალს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომლისთვისაც ისინი იქნებიან მზად.

თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ და დავეხმარებით ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის უმძიმესი გამოწვევაა….ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.