პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ირაკლი მატუა „ქართული ოცნების“ წევრს, ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს ოთარ ქადარიას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ირაკლი მატუამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოთარ ქადარიამ მას პარტიის დატოვებისა და ქალაქიდან წასვლის სანაცვლოდ 600 ლარი გადაუხადა.
„მომცეს თანხა, 600 ლარი, მათ ეს ფული შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მე უნდა წავსულიყავი თბილისში და თბილისში უნდა დავრჩენილიყავი რამდენიმე დღე, არა ჩემებთან, არამედ სრულიად სხვაგან. არ უნდა გამოვსულიყავი კავშირზე არავისთან, არც ჩემებთან, არც მეგობრებთან და თანაგუნდელებთან“, – განაცხადა ირაკლი მატუამ ბრიფინგზე.