„ლელოში“ აცხადებენ, რომ მათ წევრებს თავს დაესხნენ - გამოძიება დაწყებულია

პუბლიკა

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ბათუმში მათ ორ წევრს თავს დაესხნენ. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანან „ლელოს“ წევრები ალექსანდრე მილორავა და მიშა ქავთარაძე. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.

ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ ისინი კომპანია „ელიტჰაუსის“, მისი თქმით, უკანონო მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომელსაც, მილორავასვე თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის, გიორგი მანველიძის ოჯახი მფარველობს.

„თავს დაგვესხნენ კომპანია „ელიტჰაუსის“ წარმომადგენლები, კერძოდ მისი იურისტი ბექა თვალაძე და მოწილე ბექა მანველიძე, რომელიც არის ბაგრატ მანველიძის შვილი და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის ძმა. გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით; ჩაგვიხერგეს ეზოდან გასასვლელი გზა და დაგვემუქრნენ, რომ მოვიდოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ეზოდან გასვლის საშუალებას არ მოგვცემდნენ“, – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.

ამ შემთხვევის შემდეგ გორგილაძის ქუჩაზე, გიორგი მანველიძის ოჯახის აივანზე ბანერი გადმოიფინა, რომელზეც ოპოზიცონერი ლიდერები იყვნენ გაშარჟებული. ამ ფაქტს მათ სახლთან სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი და „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ფოტო: Facebook-ირაკლი კუპრაძე

„ოცნებამ” ეს ბანერი გადმოკიდა შუა ბათუმში. ბანერზე ნახევრად შიშველი და სისხლში ამოსვრილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან გამოსახული პოლიცია დგას და უყურებს! ზედამხედველობის სამსახური არ არსებობს.

ეს შენობა დეპუტატის და ოცნების ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის კორპუსია. ეს რომ სხვას გაეკეთებინა ჯარიმებით გატენიდნენ. შენობის ქვემოთ ორი მხარის ახალგაზრდები დგანან ახლა, ერთმანეთს ურტყამენ და აგინებენ. ეს უნდა შეწყდეს როგორმე, ეს გახლეჩა და ახალგაზრდების შეპირისპირება უნდა დასრულდეს. ეს როგორ მოახერხა ივანიშვილმა, ასე რომ დაგვიმახინჯა ცნობიერება და ზღვარი წაგვიშალა ყველა მხარეს“, – წერს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

გორგილაძის ქუჩაზე კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ „არ დათმოს“ წევრებმა აჭარის მთავრბის სახლთან გადაინაცვლეს.