ლექს-სენი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რეპერი ალექსი ქავთარაძე [ლექს-სენი] გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

შსს მას ედავებოდა 29 დეკემბერს პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას.

თავად ლექს-სენი იხსენებს, რომ ის 29 დეკემბერს ტროტუარზე, ნაძვის ხესთან იდგა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა მაშინ, როდესაც გამზირი დიდი ხნის გადაკეტილი იყო.

მისივე თქმით, არავის განუმარტავს, რომ ის სამართალდარღვევას სჩადიოდა და კანონს არღვევდა. რეპერი ხაზს უსვამს, რომ იმ დღეს საპროტესტო აქციას რამდენიმე ხალხმრავალი მარში შემოუერთდა და ტერიტორია ბუნებრივად გადაიკეტა.

„დეტალებში გავიხსენებ, საბედნიეროდ, მაქვს მეხსიერება, 260 სიმღერა მაქვს დაწერილი და ტექსტები კარგად ვიცი.

29 დეკემბერს აქციაზე მივედი ქაშუეთის მხრიდან. შეგნებულად გზაზე არ გადავედი, მე გზაზე სიარული ისედაც არ მიყვარს… გადავედი მიწისქვეშა გადასასვლელით, ამოვედი პარლამენტის მხარეს და ზუსტად ნაძვის ხის გვერდით, საკმაოდ მოშორებით ცენტრალური გზიდან, დავდექი. ხშირად მხედავენ ადამიანები, მცნობენ. ვსაუბრობ ხოლმე ადამიანებთან სულ.

მანამდე მე ვხედავდი პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც იდგნენ იქ და ნუ საკმაო რაოდენობა იყო ხალხის და ემატებოდა ნელ-ნელა, მარშებიც იყო. მე ვიდექი ნაძვის ხის გვერდით და ადამიანებთან ვსაუბრობდი.

გარკვეული დროის მერე ადამიანები მოემატნენ და კარგად ვხედავდი, პატრულ-ინსპექტორები როგორ იწეოდნენ გზაზე ნელ-ნელა და ჩემი ვარაუდია, ხალხი, ალბათ, მე არ მესმოდა ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებართვას იღებდა გზის გადაკეტვაზე რაოდენობიდან გამომდინარე.

მე ჩვეულებრივად ვიდექი გზიდან საკმაოდ მოშორებით, ნაძვის ხის გვერდით. ეს კამერებიც ალბათ აჩვენებს ამას. მერე დავინახე, გარკვეული ხსნის შემდეგ შეივსო ნაკადი, ალბათ, ნებართვა მისცეს, ფორმიანები წავიდნენ.

ხალხის ნაკადი იმდენად დიდი იყო, ფიზიკურად მანქანებმაც დაიწყო მოტრიალება და შეივსო რუსთაველის გამზირი, გზა გადაიკეტა. მაგრამ მე მაინც აქეთ ვიდექი, ნაძვის ხესთან და მეგობრებთან ვსაუბრობდი. ზუსტი დრო არ მახსოვს. შემდეგ მეგობრებმა [თქვეს] ყავა ან ჩაი დავლიოთო. ხალხით გადავსებული იყო, არც მიფიქრია იმაზე, რომ ეს იყო გზის გადაკეტვა. გავისეირნეთ, ჩაი-ყავა ავიღეთ და გავაგრძელეთ სეირნობა.

არ შემხვედრია არავინ, ინსპექტორს რომ ეთქვა, რომ ბატონო ალექსი, თქვენ არღვევთ წესს და გზას კეტავთო. მე რა თქმა უნდა, დავემორჩილებოდი და გადავიდოდი გზიდან“, – თქვა რეპერმა პროცესზე.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ ის 500 ლარით დააჯარიმა.

30 დეკემბრამდე გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 500 ლარი იყო.

5000-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 30 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა გამკაცრებულ კანონებს მოაწერა ხელი და გამოაქვეყნა.

30 დეკემბრამდე მომხდარზე შედგენილი სამართალდარღვევები ცვლილებამდელი ადმინისტრაციული კოდექსით განისჯება.