ლექსმანი „ოცნების" მიერ რუსული კანონის დაბრუნებას ევროპული გზის საბოტაჟს უწოდებს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზის საბოტაჟი სურს.

„ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”, – წერს ის.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

წლევანდელი კანონპროექტი შარშანდელის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.