ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს მოსკოვიდან, სადაც სამედიცინო შემოწმების მიზნით იმყოფება.
„ჩემი ღრმა რწმენით, დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას.
პირველ რიგში, მე აქ მახსენდება, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც, მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელში მოწოდებისა, გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგიის მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენ მთავრობას ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია…
ვინც გალახა ეს უბედური კაცი, ვინც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რა ზომით არის პასუხისმგებელი, რა მოხდა იქ და რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსო ლაშქარავას მიადგა ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ესეც პროფესიონალური გამოძიების დასადგენია“, – ამბობს ვასაძე.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.