„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავმდამსხმელი 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, ო.ი. 1984 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს და 1989 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ასევე, დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულიხსმობს, “- ამბობენ შსს-ში.
„20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.
გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.
მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა.“ – ამ ინფორმაციას Tbilisi Pride ავრცელებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
- გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
- საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;
- უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.
- მოვუწოდებთ შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს: განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.