„ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს აშშ-ში ელჩი „უახლოეს ხანებში ეყოლება”.
სამთავრობო ტვ „იმედთან” ინტერვიუში ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ „საქართველოს მხრიდან წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები და მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები”.
დავით ზალკალიანის გადადგომა აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 1 დეკემბერს დაადასტურა. მას შემდეგ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი არ ჰყავს.
„აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელიც ითხოვს ჩვენს ჩართულობას. ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს”. – თქვა დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველომ აშშ-სთან „სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან „ორივე ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო”.
„რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის საქმიანობის ბოლო თვეებში ბევრი რამ გაუარესდა ჩვენს ურთიერთობებში, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა ორივე ხელისუფლებისთვის ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული ახალი მიმართულება შეგვიძლია შევიტანოთ დღის წესრიგში, რაც, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის – როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის“. – ამბობს ლევან დავითაშვილი.
ის „ქართული ოცნების” ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და რამდენიმე მოადგილესთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.
დავთაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას „ქართული ოცნების” წევრებისთვის დაწესებულ სანქციებზეც ილაპარაკა.
„სახელმწიფო დეპარტამენტში საუბარი გვქონდა ზოგადად სანქციების აღსრულებაზე, საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა, აშშ-ის პარტნიორი სანქციების აღსრულების კუთხით. თუმცა, სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს.
გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისევე ახალი ადმინისტრაციისთვის მემკვიდრეობა საკმაოდ რთულია და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს თანამშრომლობის, სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების ნება და ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ“. – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ 2024 წლის 30 ნოემბერს განაცხადა. მიზეზად დასახელდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ასევე, სხვა არადემოკრატიული ქმედებები.
2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს.
გარდა ამისა, აშშ-ის მიერ სანქცირებულია:
- 2023 წლის აპრილიდან – „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე; მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
- 2023 წლის სექტემბრიდან – ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო;
- 2024 წლის ივნისიდან, პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“. მათი ვინაობა უცნობია.
- 2024 წლის 16 სექტემბრიდან სანქციები დაუწესდა კიდევ 60-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის – „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.
- იმავე დღეს „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერები – კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
- 12 დეკემბრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის – „ოცნების“ მაღალჩინოსნებს: „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“.
- 19 დეკემბერს „მაგნეტსკის სიაში” შეიყვანეს „ოცნების” შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე.