ლევან დავითაშვილი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

ინფორმაცია თავად დავითაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურს არ გუვრცელებია თავად ჯოშუა ჰაკის ფოტო შეხვედრიდან.

პრესრელიზის თანახმად, მან ჯოშუა ჰაკთან „ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა”.

პრესრელიზში ასევე წერია, რომ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება  პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“ – თქვა ლევან დავითაშვილმა.

ჯოშუა ჰაკი აქტიურად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” ქმედებებს.

2024 წლის ივლისში, საქართველოში პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს”.

ჯოშუა ჰაკმა იმავე სხდომაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების” დეზინფორმაციულ კამპანიაზე, ასევე, სანქციებზე, რომელიც აშშ-მა „მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტის წევრებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუწესა”.

ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტით „ქართული ოცნების” ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფება. აშშ-ში არიან ხუციშვილის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე დავითაშვილის მოადგილე ვახტაგნ ცინცაძე.