ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანი იქნება Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა 

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა.

დავითაშვილმა ამის შესახებ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში განაცხადა, სადაც კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი შეფასებით, Huawei-ს საქართველოში ყოფნა აძლიერებს მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლს, რადგან კომპანია უკვე იცნობს ადგილობრივი ბაზრის დინამიკას და აქვს  რეგიონული განვითარების ინტერესი.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური გარემო საქართველოში და ძალისხმევას არ ვიშურებთ ძლიერი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნისთვის. STEAM და ICT განათლების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მზად ვართ, განვიხილოთ პოტენციური პარტნიორობა Huawei-სთან, როგორც გლობალურ ლიდერთან და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროექტების წარმმართველთან სხვადასხვა ინდუსტრიაში“.

Huawei ჩინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წლიდან შეიტანა სავაჭრო შეზღუდვების სიაში. აშშ-ის განცხადებით, არის საფრთხე, Huawei ჩინეთმა ამერიკის მოქალაქეების თვალთვალისთვის გამოიყენოს. შეზღუდვების სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მისი აშშ-ში გაყიდვისთვის საჭიროა სპეციალური, ძნელად მოსაპოვებელი ლიცენზია.

2020 წლის აგვისტოში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები და Huawei-ის წვდომა აშშ-ის ტექნოლოგიებზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ნახევარგამტარულ ჩიპებზე.

2022 წელს აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) გამოაცხადა ახალი წესები, რომლებიც კრძალავს Huawei-ის (და სხვა ჩინურ კომპანიების, მათ შორის, ZTE-ის) საკომუნიკაციო აღჭურვილობის იმპორტსა და გაყიდვას აშშ-ში, ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეების გამო. ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად საბოლოოდ აიკრძალა Huawei-ს მიერ ამერიკული საკომუნიკაციო ქსელებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდება.