საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს, ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს.
ასევე, მათივე ცნობით, იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – „თავისუფლება თუ შიში“.
„შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე.
ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.