ლევან იოსელიანი კირბალში ლევან დოთიაშვილს და თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა

პუბლიკა

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ჩავიდა და ლევან დოთიაშვილს და რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა.

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა თამაზ გინტურის მკვლელები დაისაჯონ.

„კიდევ დავინტერესდი იმ გარემოებებით, რაც ბატონი თამაზის მკვლელობას ეხება – როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ჩართულნი არიან როგორც საგამოძიებო უწყებები, ისე ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები. ყველას გვსმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება. ქართული სახელმწიფოს მიერ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი. ეს უნდა გაკეთდეს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენც და ოჯახიც ველოდებით ექსპერტიზის პასუხს”. – განცხადა სახალხო დამცველმა.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისფლეს. როგორც თქვა, მან „ყველაფერი დაინახა”. რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტურს ზურგში ესროლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს და სცემეს.

მკვლელობამდე თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის ლომისის ტაძარში მივიდნენ და გააღეს კარები, რომლებიც ოკუპანტებმა მიმდინარე წლის აგვისტოში აჭედეს.