„საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
ლევან იოსელიანმა ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ საქართველომ უკვე განიცადა რუსეთის აგრესია და რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს გაეროსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს. მისი განცხადებით, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც საკუთარ ტერიტორიებზე უკვე განიცადა რუსეთის აგრესია, შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო გზავნილი არ გაიზიაროს.
ლევან იოსელიანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილს – იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი, ვერაფერი შეაჩერებს.
” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულს სხდომაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ამ აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ერთსულოვნებაზე ვისაუბრე.
ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ ბუნებას ადასტურებს.
დღეს რუსეთის პოლიტიკას ფაქტობრივად გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო და რამდენადაც ორაზროვან განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, რამდენადაც არ უნდა ვედავებოდეთ მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების ნაკლებობას, ქართველი ხალხი თავისი პოზიციით ნამდვილად დგას ამ ერთსულოვანი პოზიციის მხარეს და ერთგულია თავისი გაცხადებული ევროპული არჩევანის.” – აცხადებს ლევან იოსელიანი