ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ მან postv-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის გერმანიაში ინიშნება ელჩად.
„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი, მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები, გაცხადებული მქონდა, რომ 27 იანვარს დავწერდი განხცადებას გათავისუფლების შესახებ“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
რამდენიმე დღის წინ „მთავარ არხმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს ხელისუფლება მაღალი თანამდებობის პირის კანონდამრღვევ ოჯახის წევრს. სიუჟეტის მიხედვით, აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ხელმძღვანელობისგან ზეწოლა დაიწყო.
„მთავარი არხის” სიუჟეტში საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმაზე, ვახო (კიტა) იზორიაზე.
სიუჟეტის მიხედვით, მას პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, ხელბორკილებს ადებს და პატრულის მანქანაში სვამს.
„იცი, ვინ ვარ? შენნაირებს ფორმას ვხდი მე და სახლში უნდა დაჯდე შენ საერთოდ. არაადამიანები. გატუტუცებულებო. ეს რაც გააკეთეთ თქვენ, ამაზე იცი, რა უნდა გიქნას კაცმა?!”, – ამბობს სიუჟეტში გასულ კადრებში ვახო იზორია.
„მთავარ არხთან”“ საუბრისას გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ ვახო იზორიას ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ არ აპატია უპატივცემულობა პოლიციელის მიმართ, ვინაიდან ამ საქმიანობას წლების განმავლობაში სიამაყით ემსახურება.
სიუჟეტის თანახმად, მაშინ ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
როგორც მთავარი არხის ჟურნალისტი ამბობს, მოგვიანებით იზორიას ძმის „გასათავისუფლებლად” პოლიციელებს ტელეფონით მითითებებს აძლევდნენ. მოგვიანებით კი ადგილზე ლევან იზორიას პირადი მძღოლიც მიდის.
პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ როცა ეს ამბავი მოხდა, მაშინ ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური მინისტრის მოადგილეები იყვნენ და „ყველამ კარგად იცის, რა იყო და როგორ იყო”. ლევან იზორიას მძღოლის მისვლის შემდეგ, მალევე, ვახო იზორიას ხელბორკილებს ხსნიან და უშვებენ.
როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ამ ფაქტის შემდეგ პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ჯერ დააქვეითეს, მოგვიანებით მინიმალურ ხელფასზე სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და ბოლოს კი მხოლოდ მის განყოფილებაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე კადრების განყოფილებში გადაიყვანეს.
ასევე, სიუჟეტის მიხედვით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ მაიორი დვალიშვილი დაიბარა და ვიდეომასალის ტელეფონში გადაგზავნა მოსთხოვა. დვალიშვილმა მას უარი უთხრა და განუცხადა, რომ კადრებს მხოლოდ გამოძიებას მისცემდა. „ამის შემდეგ კი დვალიშვილზე ტერორი დაიწყო”.
„იმის ნაცვლად, რომ ჩემს სიმართლეში ვინმე დამხმარებოდა და ჩარეულიყო ნებისმიერი სამსახური, და ეთქვა, რომ რატომ ხდება ეს და რისთვის, პირიქით, ამაში ჩაერია მთლიანად სამინისტროს აპარატი”, – აცხადებს დვალიშვილი.
ჟურნალისტის თქმით, დვალიშვილმა შემდეგ სამართლებრივი ბრძოლა გადაწყვიტა. მან პროკურატურაში იჩივლა და სახალხო დამცველს მიმართა. საჩივრებს თან დაურთო ვიდეოფაილი და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯა, ვინც სატელეფონო ზარით დანაშაული დაფარა.
„7 ნოემბერს აღიძრა საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე, [თუმცა] აღიძრა და გაჩერდა. საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”, – ამბობს დვალიშვილი.