ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.
სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ „უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა“.
მან განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. ასევე მისი თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის.
პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, უძილაურის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს.
მარიამ ტაბატაძის განმარტებით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ.ჯ.-ს და გ.ჩ.-ს.
„სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.