ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

პუბლიკა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მარიამ ტაბატაძემ მედიასთან თქვა, რომ მან მისცა ჩვენება და ელოდება საქმის მასალებს. დაკავებულს ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია.

„თვითონაც საქმის მასალებს ელოდება და როდესაც საქმის მასალები გადმოგვეცემა, გავეცნობით. ბრალთან დაკავშირებით იყენებს დუმილის უფლებას. ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს და ვერ უარვყოფ. […] მასალები არ მინახავს, გავრცელებულ კადრებზე ვერ ვისაუბრებ მე თვითონაც, იმიტომ, რომ ველოდები მტკიცებულებებს და მტკიცებულებები არ არის ის კადრები, რომლებიც გავრცელდა თუნდაც მედიის საშუალებით“, – თქვა ადვოკატმა.

მან მედიასთან თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული – 1975 წელს დაბადებული გ.უ. მედიის ცნობით ეს არის გელა უძილაური.

მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, გვიან საღამოს მოხდა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.