ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამი მათგანი დაკავებულია, ორს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ბრალდებულებს შორის არიან ძმები გიორგი და დავით მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.  დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

სხდომაზე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა გირაოს გამოყენებაზე.

მედიის ცნობით, სხდომაზე ილაპარაკა გიორგი მიქაძემ და თქვა, რომ ამ საქმესთან არ აქვს არანაირი შემხებლობა:

„ვარ შეურაცხყოფილი. სანამ დამაკავებდნენ, ამის შესახებ მაფრთხილებდნენ, მაგრამ არსად წავსულვარ. ვეთანხმები [ადვოკატებს] და ვითხოვ გათავისუფლებას, სახლში წასვლას“, – თქვა „ფორმულას“ ცნობით გიორგი მიქაძემ.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ვინაიდან საქმეზე გამოძიება გრძელდება და „ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“. მისივე თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, გამოთხოვილია ათეულობით ტელეფონის ნომერზე ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემები, დათვალირებულია კამერების ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე დადასტურდა, რომ საქმეში რაიმე, რაც დაადასტურებდა მიქაძეების ბრალეულობას არ არსებობს – „აბსოლუტურად არაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ან ფაქტი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პირების ბრალეულობაში ან კანონთან კონფლიქტში შევიტანოთ ეჭვი“.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს:

„რაც არ ჩაუდენია ამას ნამდვილად არ აღიარებს. დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერაც მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითიც დამტკიცებდა მისი უდანაშაულობა“.

გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება და დაამტკიცებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას.


ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ჯანგველაძესთან და „ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“.

პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა; გიორგი კაჭკაჭიშვილს – ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის; მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.