ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის საკრებულოს 3 დეპუტატს ბრალი წაუყენეს

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული მუხლი გულისმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.

ასევე, უწყების ცნობით, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების წარმართვის მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში.


24 იანვარს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? –  როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.