თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მურთაზ ზოდელავას კი 25 000-ლარიანი საპატიმრო გირაო. მას გირაოს შესატანად 30 დღე აქვს. ზოდელავა საპატიმროს გირაოს შეტანის შემდეგ დატოვებს.
მოსამართლე სიქტურაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ხაბეიშვილის ადვოკატები პატიმრობის ალტერნატივად მოსამართლეს სთავაზობდნენ როგორც გირაოს 10 000 ლარის ოდენობით, ასევე სამაჯურს, შინაპატიმრობას… მურთაზ ზოდელავას ადვოკატები კი მისი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
სხდომა დახურული იყო, მას შემდეგ, რაც ტაშის გამო სიქტურაშვილმა დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინა.
დამსწრეების ტაში ლევან ხაბეიშვილის სიტყვას მოჰყვა.
აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობამდე ადვოკატებმა ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვეს.
ფიქრია სიქტურაშვილი არის მოსამართლე, რომელმაც სუსის მიმართვის საფუძველზე ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გასცა. სწორედ ამ მიზეზით ადვოკატებმა და ბრალდებულებმა ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლეს წინასწარ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული და მისი გაცემული განჩინებით უკვე ხედავს ხაბეიშვილის დაკავების საფუძვლებს. მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შეახსენა მისი სხვა საქმეც – კერძოდ, დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე ნებართვის გაცემა და აღნიშნა, რომ მოსამართლე თავისი გადაწყვეტილებებით ფასდება, დათაშვილის და ხაბეიშვილის საქმეები კი პოლიტიკური საქმეებია. ბასილაიას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებები მოწმობს, რომ ის ოპოზიციურად განყწობილ ადამიანებს დევნის.
სიქტურაშვილმა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 2 აპრილსაა ჩაბარებული, 2024 წელს მოსამართლე სიქტურაშვილის ქმრის ზურაბ ბერიანიძის სამუშაო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო, თანამდებობის დასახელება კი უფროსი ინსპექტორი.
„თქვენი მეუღლე არის სუსის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, სირცხვილი შენ! სამარცხვინო!“, – მიაძახა მოსამართლეს ლევან ხაბეიშვილმა.
წინასასამართლო სხდომა 4 ნოემბერს 12:00-ზე დაინიშნა.
ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და ასევე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
პროკურატურას ქრთამის დაპირებად მიაჩნია ხაბეიშვილის საჯარო განცხადებები, რომელშიც ხაბეიშვილი შსს-ს თანამშრომლებს ჰპირდებოდა $200 000-ს, თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ ხალხის დარბევაში. ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებად კი შეფასდა 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის შესახებ გაკეთებული განცხადებები, როგორიცაა, „მშვიდობიანი დამხობა“, „მშვიდობიანი რევოლუცია“.
ადვოკატის ცნობით, საქმეში დევს გდდ-ის სამი თანამშრომლის ჩვენება, რომ მათ მოისმინეს ხაბეიშვილის საჯარო განცხადება და თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას გამოძიების ხელშეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა ედება ბრალად. ზოდელავა ლევან ხაბეიშვილის დაკავების დროს დააკავეს.