ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან

პუბლიკა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დააკვირდებიან.

ინფორმაციას სამთავრობო „ტვ იმედი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის ბედს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ბედს. არჩევნებამდე ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს.

საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაკვირვების საკითხი, არამედ სამომავლოდაც ყველა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესების იმგვარად დაცვა, რომ საგარეო ჩარევა – არჩევნების ძალიან პრობლემური კომპონენტი დღეს, აღარ იყოს პრობლემა“, – განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში ლევან მახაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება.