ლევან მახაშვილი: EU-ის წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რამდენიმე წითელი ხაზია

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ოცნების პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროკავშირიდან მიღებულ წერილს ეხმაურება.

მახაშვილის თქმით, „წერილს შეისწავლიან და იმსჯელებენ, რა შეიძლება, გაკეთდეს”.

EU-მ წერილი „ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. მასში მოთხოვნილია განახლებული ინფორმაციის მიწოდება კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ან, თუ ჯერ არ განხორციელებულა – სათანადო ზომების მიღება რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.

წერილში აღნიშნულია, რომ ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას სავიზო შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში განიხილავს.

წერილი 8 რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორის: მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრაგეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან” მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

ლევან მახაშვილ​ი ირწმუნება, რომ ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, „ოჯახური ღირებულებები“ „ოცნებისთვის“ წითელი ხაზია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილო სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რაც ყოველთვის გვქონდა ევროკომისიასთან. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, შს სამინისტრომ გააკეთოს, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას.

ეს წერილი სამუშაო დოკუმენტია და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმება-არგაუქმების. ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას მოითხოვს, ამ დროს ზეპირად, წერილში თარიღი არ არის დასახელებული და 31 აგვისტოს ამბობენ, შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ, ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება, გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“. – თქვა ლევან მახაშვილმა.