ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პუბლიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრ ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

უფლებამოსილების შეწყვეტას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

მიზეზი მის მიერ პარლამენტში სხდომებზე დაუსწრებლობა გახდა. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა.

საკითხის განხილვის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ვარშალომიძე ამ დროის განმავლობაში დეპუტატის ანაზღაურებას იღებდა და ის უკან არ დაუბრუნებია. პაპუაშვილის თქმით, თანხა, დაახლოებით, 56 ათასი ლარია.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

პარლამენტში პარტიას ადგილმონაცვლეები არ ჰყოლია ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაშიც.