ლევან ზურაბაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა უცვლელი დატოვა.

„მე ვფიქრობ, სასამართლო ძალიან მკაცრად მიუდგა. როდესაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდებოდა, არანაირი საფუძვლები არ არსებობდა, რომ ბატონი ზურაბაშვილი დაეტოვებინა პატიმრობაში. ჩვენ შევთავაზეთ გირაო. ასევე, შევთავაზეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექცის 199-ე მუხლიდან გამომდინარე სხვადასხვა შეზღუდვა, მაგალითად, პირადობის ჩამორთმევა, არა მარტო ყოველ კვირა, თვითონ თქვა, ყოველ დღე ვივლი პოლიციაში და მოვაწერ ხელს, რომ დანაშაულს არ ჩავდივარო, მაგრამ სასამართოლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და პატიმრობაში დატოვა იგი”, – აცხადებს მისი ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, არსებითი განხილვა 25 იანვარს ჩაინიშნა. მისივე თქმით, ბრალდებულმა უარი განაცხადა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

დღეს, 11 იანვარს სასამართლო სხდომის პარალელურად ეზოში სამოქალაქო აქტივისტებმა და ლევან ზურაბაშვილის მხარდაჭერებმა აქცია გამართეს.


საქართველოს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წაუყენა.

„2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა”, – აცხადებს პროკურატურა.