ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებ ILGA Europe-მა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პრობლემა იყო პოლიტიკოსთან მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება. ანგარიშში ნახსენებია „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა, რომელიც კანონმდებლობებიდან „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას გულისხმობდა.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია სიძულვილით მოტივირებულ ძალადობაზე.
„ივნისში ჰომოფობმა ლევან ვასაძემ დააანონსა, რომ კომბლებით შეიარაღებული ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ პატრულირებას დაიწყებდნენ თბილისის ქუჩებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსგავსი ჯგუფების ჩამოყალიბება უკანონოა. მიუხედავად ამისა, სამართლებრივი ზომები არ გატარებულა“
ანგარიშში ასევე მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ამოქმედება.
ILGA ვრცელ ქვეთავს უთმობს საქართველოში შეკრების თავისუფლებას. მათ შორის ყურადღება ეთმობა „თბილისი პრაიდს“, რომელიც კრიტიკის საგანიც გახდა და ბრკოლებებიც შეხვდა ორგანიზების პროცესში. ანგარიშში მოხდვა შსს-ს განცხადებაც. უწყებამ 31 მაისს განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა პრაიდის მონაწილეების ადეკვატურად დაცვას. ანგარიშში მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქციაც მოხვდა, როდესაც პრაიდის ორგანიზატორები მთავრობისგან ითხოვდნენ მხარდაჭერას.
„დემონსტრაციას ხელი შეუშალეს ექსტრემისტებმა, რომლებმაც კვერცები დაუშინეს აქტივისტებს. დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე“.
ILGA Europe ასევე აღწერს, რომ ორჯერ გადავადებული პრაიდი ნახევარი საათით მშვიდ ვითარებაში გაიმართა 20 პირის მონაწილეობით, არასამთავრობო სექტორის, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ჩართულობით. მსვლელობა შეწყდა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა შეიტყვეს, რომ ექსტრემისტები მათკენ მიემართებოდნენ.
გამოხატვის თავისუფლება
14 მაისს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) Facebook-გვერდზე, სავარაუდოდ, ექსტრემისტულმა ჯგუფებმა კიბერშეტება განახორციელეს. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ WISG-ის რამდენიმე ვიდეო წაშალა და ორგანიზაცია ერთი კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა პოსტების გამოქვეყნებას, რაც ხელს უშლიდა ორგანიზაციის 17 მაისისთვის დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას.
5 ნოემბერს გასული ორი წლის შესწავლის შედეგად, ომბუსდმენმა ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. 8 ნოემბერს კი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე ასობით რადიკალმა მემარჯვენე დემონსტრანტმა კინოთეატრის შესასვლელი დაბლოკა, მათ ასევე დაწვეს ლგბტ დროშა.
ჯანმრთელობა
WISG-მა ომბუდსმენის აპარატს 5 საქმეზე მიმართა ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის საკითხზე. აპლიკანტები ომბუდსმენის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. 17 დეკემბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის სამინისტროს ნორმა, რომელიც მსმ ადამიანებს სისხლის დონაციას 10 წლით უკრძალავდა.
უფლებადამცველები
19 ივნისს პრაიდის სამ ორგანიზატორს მოკვლით ემუქრებოდნენ. მათ შსს-ს შეატყობინეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ტრანს ატივისტ მირანდა ფაღავაზე თავდამსხმელს, რომელსაც გამოძიება ხულიგნობას ედავებოდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა.
გენდერის სამართლებრივი აღარება
ტრანსგენდერმა კაცმა, რომელსაც უარი უთხრეს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე, (რადგან მას სრული ტრანზიცია არ გაუვლია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
საზოგადოებრივი აზრი
National Democratic Survey-ს გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 2019 წელს გამოკითხულთა 27% მიიჩნევს რომ ლგბტი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ლგბტი ადამიანები კვლავ რჩებიან ყველაზე ნაკლებად მხარდაჭერილ ჯგუფად საქართველოში.