ლგბტ თემის, აქტივისტების და მედიის მიმართ სისტემური უსამართლობა გრძელდება - „თბილისი პრაიდი“

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ შეფასებით, ლგბტ თემის, სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის მიმართ სისტემური უსამართლობა გრძელდება.

ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე, რომლის მიხედვით, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი ერთი წლით შეუმცირდათ.

„Მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია.

5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ/სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე სათანადოდ არ შეფასებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს პროკურატურის მიერ, არ წარმოდგენილა რელევანტური მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სასამართლოში ამ შემაშფოთებელი შედეგის დადგომა.

Რაც მთავარია შსს და საქართველოს პროკურატურა ხელს აფარებს 5 ივლისის ძალადობის უშუალო ორგანიზატორებს, მათ შორის ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. მიუხედავად “თბილისი პრაიდის”, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა და მტკიცებულებების არსებობისა, დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს ბრალი წარდგენილი.

Მსგავსი ქმედებები ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს განაგრძონ თავდასხმები უმცირესობების წარმომადგენლებზე და ასევე ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 5 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, რის აღსადგენადაც აუცილებელია ძალადობრივი მოვლენების ეფექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„თბილისი პრაიდი“ მიმართავს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისის საქმე და დასაჯონ ორგანიზატორები და მონაწილეები.

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის პირველი ინსტაციის მიერ გამოტანილი განაჩენი შეამცირა და მსჯავრდებულებს 5 წლის ნაცვლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.