ლგბტქი სათემო ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თანასწორობის მოძრაობა“, „იდენტობა იუს“ და „თემიდა“ 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
იხილეთ განცხადება სრულად:
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.
ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში ვცდილობდით საჯარო სივრცეში დაგვეყენებინა ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი, გვემხილებინა ამ ჩაგვრის მაწარმოებელი სისტემა, და მის წინააღმდეგ სამოქალაქო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობა გაგვეჩინა.
თუმცა, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ.
ასეთ ჯგუფებად ჩვენს ყოველდღიურობაში გვევლინებიან თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული, რეალურად კი საერთო ნეოლიბერალური იდეოლოგიისა და ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე მდგომი პოლიტიკური პარტიები, ორგანიზებული ულტრა-მემარჯვენე ფაშისტური ჯგუფები, საპატრიარქო, და ის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც პოპულისტურ დღის წესრიგში მონაწილეობით ლეგიტიმაციას ანიჭებენ ამ წესრიგის მწარმოებელ ძალაუფლებრივ ჯგუფებს.
ორივე, “ჰომოფობი უმრავლესობის” და “ლგბტ უმცირესობის” სახელით მოსაუბრე ეს ჯგუფები, მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ადამიანები წარმოგვაჩინოს განყენებულ, ექსკლუზიური ძალაუფლებისთვის მებრძოლ კონკრეტული იდეოლოგიისა და პოლიტიკური ინტერესების გამტარ ერთგვაროვან ჯგუფად. ეს კი აღარც იმის სივრცეს გვიტოვებს, რომ ლგბტქი ადამიანების რეალურ გამოწვევებზე ვისაუბროთ და, მეორე მხრივ, ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ხელს გვიშლის დავინახოთ ერთმანეთი, როგორც მოკავშირეები საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეორე მხრივ, მემარცხენე პოზიციებზე მდგომი ჯგუფები, რომლებიც ლგბტქი ადამიანების პირველი მხარდამჭერები და თანამებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ, გამოგვრიცხავენ წინააღმდეგობის დღის წესრიგიდან და გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ჩაგვრის მნიშვნელობას აკნინებენ ან საერთოდ არ აღიარებენ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამგვარად, ერთი შეხედვით პროგრესული პოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფები, საკუთარ განმათავისუფლებელ და სამართლიანობაზე ორიენტირებულ მიზნებთან მოდიან წინააღმდეგობაში, რითაც არსებული პატრიარქალური, ნაციონალისტური და ნეოლიბერალური ძალაუფლების სტატუს კვოს აძლიერებენ.
პანდემიის თითქმის სამწლიანი გამოცდილების და ახლა რუსეთის იმპერიალისტური და ფაშისტური ომის პირობებში, ცხოვრება გვიწევს იმგვარ სახელმწიფო სისტემაში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური რესურსების განმგებთათვის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ლგბტქი ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავედ აყენებს თვით გადარჩენის და საბაზისო უსაფრთხოების საკითხს.
რადგან გარდა სხვა სისტემური სოციალური და ეკონომიკური წნეხისა (რომელიც შეიძლება მოგვემართებოდეს, როგორც შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მომსახურების სფეროში დასაქმებულებს და ა.შ.), გაბატონებული კულტურული დისკურსი გენდერისა და სექსუალობის ნიშნით კიდევ უფრო გვიზღუდავს წვდომას ისეთ სიკეთეებზე, როგორიცაა ინსტიტუციური მხარდაჭერა როგორც ოჯახებისა და ახლობლებისაგან, ისე სახელმწიფოსგან.
ჩვენი დღევანდელი განცხადებით სწორედ იმაზე გვსურს ვისაუბროთ, თუ როგორაა გადაჯაჭვული სოციო-ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრები და იმ უფლებებზე ვისაუბროთ, რომელთა მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებით წარმოგვიდგენია ნებისმიერი ნიშნით ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლება:
- უფლება ღირსეულ სამუშაოზე – დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, ქვეყნის რესურსების ტოტალური პრივატიზების პირობებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიდუხჭირეშია. მრავალი წელია არ ჩერდება ქვეყნიდან სამუშაო მიგრაციის ტალღა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ უქმნის, კერძო სექტორს კი არ მოეთხოვება მინიმალური ხელფასის დაწესებაც კი, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი თანახმაა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასით, 8 საათზე მეტ სამუშაოს დროსა და ექსპულატატორულ შრომით პირობებს დათანხმდეს. ლგბტქი ადამიანების შემთხვევაში ამას ემატება სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ან სამუშაოს ძებნის გართულებული პროცესი.
- უფლება ღირსეულ ჯანდაცვაზე – ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის კერძო საკუთრებაში გადასვლის, ფაქტობრივად, სრული კომერციალიზაციის პირობებში, სახელმწიფო უარს ამბობს იყოს ღირსეულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლების დაცვის გარანტი. ჯანდაცვა კერძო, მაქსიმალური მოგებასა და მინიმალურ დანახარჯზე ორიენტირებულ ბაზარს არის დამოკიდებული, რაც განსაკუთრებით სავალალოდ კოვიდ პანდემიის პირობებში გამოჩნდა. სოციალური მხარდაჭერის შესუსტებამ, შესაძლოა იქონიოს გავლენა ერთი მხრივ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. მარგინალიზაცია, სტიგმა და უმცირესობათა სტრესი, სხვა სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, ისე ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობასა და სპეციალისტებთან მიმართვიანობაზე. ლგბტ(ქ)ი ჯგუფის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში არაა გამოკვლეული და შესწავლილი, შესაბამისად, არ აისახება ჯანდაცვის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში . წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან ტრანს-ჯანდაცვის უარყოფისა და სამედიცინო პროტოკოლების არარსებობის შედეგად მრავალი ადამიანი მიმართავს ჰორმონალური თერაპიის თვითადმინისტრირებას. ეს ყველაფერი კი საშიშია ჯანმრთელობისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს.
- უფლება საცხოვრისზე – არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაბამისი საჭიროების საცხოვრისს უზრუნველყოფდა. იქნება ეს თავშესაფრები – ძალადობის მსხვერპლთათვის, საცხოვრებლები – იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის, თუ რაიონებიდან დიდ ქალაქებში სასწავლებლად წასული სტუნდენტებისათვის. ამას ემატება თავშესაფრის არარსებობა მათთვის, ვინც დაკარგა ოჯახის მხარდაჭერა მათი გენდერული იდენტობის და გამოხატვის, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დღემდე სახელმწიფო არ აღიარებს თავშესაფრის და ბინის საჭიროებას ამ ნიშნით დევნილი ადამიანებისთვის.
- უფლება განათლებაზე – გენდერული იდენტობისა და სექსუალობის ნიშნით, ლგბტ(ქ)ი თემის წევრები აწყდებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს შეიძლება ვლინდებოდეს, მაგალითად, როგორც ლექციაზე/გაკვეთილზე არ დაშვებასა თუ სასწავლებლის იძულებით დატოვებასა, ისე სხვებთან შედარებით მეტი მოთხოვნის წაყენებაში. სწავლის საფასურის თუ ბინის ქირისთვის ფულის თავად გამომუშავების საჭიროება, ცხადია, არ უდგათ მხოლოდ ქვიარ თემის წევრებს, ისინი არ არიან ერთადერთი, ვისაც დაურეგულირებელ შრომის ბაზარზე, ყოველგვარი გარანტიების გარეშე მომსახურების სფეროში უწევთ მუშაობა. ვფიქრობთ, გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია, რომ მათ მოწყვლადობას ემატება სექსუალობისა და გენდერული ორიენტაციისა და იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის რისკი როგორც ოჯახში, ისე სამუშაო და საგანმანათლებლო ადგილას. ეს გარემოებები კი ლგბტქი ადამიანებისთვის დამატებით ბარიერს ქმნის განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ, ტოვებს მათ განვითარების, საკუთარი პიროვნული პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობის გარეშე და წირავს მათ დაბალანაზღაურებადი, მაღალი რისკის სამუშაოსათვის.
- უფლება უსაფრთხოებაზე – მიმდინარე ომის კონტექსტში უსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა. თუმცა ვცხოვრობთ ომისა და მილიტარიზმის პროპაგანდის პირობებში, სადაც იარაღით მოვაჭრენი ამ სამყაროს უსაფრთხო მომავალს, ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე, სულ უფრო მეტი შეიარაღების გზით წარმოგვიდგენენ. ადგილობრივად, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტები ნაცვლად უსაფრთხოების ანტი-მილიტარისტული, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გაგებისა, და შესაბამისი პოლიტიკის წარმოებისა, სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატად გვევლინებიან. ის, რომ ლგბტქი თემის წევრებს ამგვარი ორგანოები კვლავაც პოტენციურ საფრთხეებად აღიქვამენ და განსაკუთრებული თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ აქცევენ, ყველაფერზე მეტყველებს.
და ბოლოს უფლება საჯარო სივრცეზე – მართალია ლგბტქი ადამიანები ის სოციალური ჯგუფია, რომელსაც ყველაზე მეტად ეზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი საზოგადოება დღითიდღე ვკარგავთ საჯარო სივრცეებს, თავშეყრის ადგილებს, პარკებს, მოედნებსა თუ ტყეებს, რომლებიც ინტენსიურად იქცევა პრივატიზებისა და ერთეულთა ეკონომიკური მოგების სამიზნედ.
მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- თანასწორობის მოძრაობა
- იდენტობა იუს
- თემიდა